გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, სულ უფრო და უფრო კარგი ამინდები და თბილი დღეები დგება. შესაბამისად, გარეთ ჰაერზე გასვლა და მოგზაურობაც სასიამოვნო ხდება. დატვირთული გრაფიკის გამო შორს რამდენიმე დღე სამოგზაუროდ წასვლა რთული დასაგეგმია ხოლმე. თუმცა, თბილისთან ახლოსაც ბევრი საინტერესეო ადგილია.
ამიტომ, გთავაზობთ უფლისციხე – ატენის მარშრუტს, რომელიც თბილისთან ახლოს 1 დღიანი მოგზაურობისთვის იდეალურია.
1 დღიანი მოგზაურობა თბილისთან ახლოს: უფლისციხე – ატენი
თბილისიდან ახლო მანძილზე ერთი დღით მანქანით გასეირნება თუ გინდათ უფლისციხე – ატენი ერთ-ერთი საუკეთესო მარშრუტია. უფლისციხე თბილისიდან დაახლოებით 70 კილომეტრის მანძილზე არის დაშორებული დასავლეთის მიმართულებით. გეზი თავიდან გორის მიმართულებით უნდა აიღოთ.
უფლისციხე
უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი იყო. წერილობით წყაროებში უფლისციხე პირველად VII საუკუნეში გვხვდება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა. უფლისციხის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ასევე დგას აგურით ნაგები სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც სტილისტიკური ნიშნებით IX-X საუკუნეებს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახით არის შემონახული.
კლდეში ნაკვეთ ციხე-სიმაგრეში იყო არამარტო სასახლე, სამლოცველო და სახლები, არამედ თეატრი, აფთიაქი, აბანო და საწნახელი. უფლისციხის ქალაქის კომპლექსს ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ.
უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა. ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს თურმე დიდი ძალაუფლება ჰქონდა. შესაბამისად, სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს – უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ტერიტორიაზე შესვლა მოსწავლეებისა და სტუნდეტებისთვის 1 ლარი, ხოლო მოზრდილებისთვის 7 ლარი არის.
ვაჩეიშვილის ღვინის მარანი
უფლისციხის დათვალიერების შემდეგ ატენისკენ გაუყევით გზას, რომელიც სულ რაღაც 17 კილომეტრის დაშორებითაა. ამ დროს ალბათ უკვე მოშიებულიც იქნებით და გირჩევთ ატენში ვაჩეიშვილის მარანში შეიაროთ.
მარანი ისტორიულ სივრცეში, ტრადიციულ სავენახე ტერასებსა და ბაღებში მდებარეობს და ფეხით მისასვლელი გზაც ულამაზესია. ეს ადგილი საუკეთესოა თუ ბუნებასთან სიახლოვე გინდათ, თუ ისეთ ადგილს ეძებთ, რომელიც შთაბეჭდილებებს გაგიმდიდრებთ, თუ ნატურალური პროდუქტები გიყვართ და განსაკუთრებული ღვინის დაგემოვნება გსურთ. თანაც მასპინძლებიც ისეთები დაგხვდებიან, აუცილებლად შეგაყვარებენ ადგილს.
ატენის სიონი
მოგზაურობის დასასრულს, გზაზე აუცილებლად გაჩერდით ატენის სიონის სანახავად, რომელიც ვაჩეიშვილის მარანიდან სულ 400 მეტრის დაშორებითაა და სასეირნოდაც სასიამოვნო გზაა. ატენის სიონი VII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძრის არქიტექტურა მცხეთის ჯვრის არქიტექტურას ანალოგია. XI საუკუნით დათარიღებული ფრესკები შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან სხვადასხვა ისტორიული პირები.
ატენის სიონს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ამასობაში, დღის ბოლოც მოვა და სახლისკენ აიღოთ კვლავ გეზი შეგიძლიათ.
იმედია საინტერესო მოგზაურობას დაგეგმავთ, თუნდაც 1 დღით, თბილისთან ახლოს.