ზაფხულის დადგომასთან ერთად ისე ჩამოცხა, რომ სუნთქვაც შეუძლებელი გახდა, თუმცა გული გულობს და კულტურულ აქტივობებში ჩაბმის სურვილი მაინც არ ქრება. შესაბამისად გთავაზობთ:
3 თანამედროვე ხელოვნების გამოფენა თბილისში.
დღეს გალერეაში Artbeat გაიმართება ახალი ჯგუფური გამოფენის გახსნა_ “მე რო ლექსი დავწერე’.
მონაწილე ხელოვანები:
თეა გვეტაძე;
ანნა კ.ე.;
რუმს სტუდიო (ქეთი თოლორაია და ნატა ჯანბერიძე);
ნიკა ქუთათელაძე;
გიორგი ხანიაშვილი;
მამუკა ჯაფარიძე.
კურატორი: ნათია ბუკია.
“ეს გამოფენა პირველი პირადი დაკვირვება და მცდელობაა საკუთარი თანამედროვე ხელოვნებაში ქართული ‘ენის’ ძიებისა. მაგრამ იმის მაგივრად, რომ შედეგი პასუხს მოიცავდეს, ის უფრო კითხვების დასმაა. რამდენად საჭიროა, რომ თანამედროვე ხელოვნებას იდენტობა ჰქონდეს? და თუ საჭირო არ არის, რამდენად შეუძლია ხელოვანს ამ გავლენებს გაექცეს?” – ნათია ბუკია.
გამოფენის გახსნა: 24 ივნისი, 16:00-19:00
მისამართი: გალერეა ართბითი, პავლე ინგოროყვას 14, თბილისი.
გამოფენის ნახვა შესაძლებელია 24 ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით.
პატარა გალერეა წარმოგიდგენთ KOSKA32 სოლო გამოფენას Flowing Subconscious.
მხატვარი ფსევდონიმ KOSKA32-ის სახელით გაიცნო საზოგადოებამ. მისი გრაფიტი წარწერით Koska, უთვალავი სხვადასხვა ფორმით, ფერთა კომბინაციითა და მდებარეობით მთელი თბილისის გარშემოა მიმოფანტული; მაგრამ koska-ს მხატვრობა ტილოზე ბევრისთვის უცნობია. სწორედ მის ფერწერულ ნამუშევრებს იხილავთ გამოფენაზე.
“ესაა სურეალისტური ნახატები, მაგიური ფერთა გამით, ნახატებში მილიარდი სხვადასხვა სიუჟეტი ვითარდება და მათი თვალიერება თვალისთვის მუდმივი თავგადასავალია.
Koska სიურეალიზმით და საერთოდ მხატვრობით, ბერლინში, სკოლის დამამთავრებელ კლასში დაინტერესდა, როცა მეგობრებითა და გარემოთი ინსპირირებულმა თვითგამოხატვის ახალი ფორმა აღმოაჩინა. ფორმა, რომელიც თავისუფალია დოგმატური გამოხატვის წესებისგან და კლასიკური მიდგომებისგან, და სადაც მთავარი საკუთარი ფიქრების დაჭერა და მათი ნდობაა.
Koska კინო რეჟისურაზე სწავლობს და დოკუმენტურ ფილმებს იღებს. სურეალისტური მხატვრობა და დოკუმენტური ფილმები, შეიძლება ითქვას, რადიკალურად განსხვავებული ორი სფეროა – ერთი საკუთარ შინაგან ხმას მიჰყვება, მეორე – სხვა ადამიანებზე, გარემოზე, მოვლენებზეა დამოკიდებული და პროცესი ბევრად უფრო დაგეგმილია. მიუხედავად ამისა, ორივე დოკუმენტაციაა – ერთი მხატვრის აზრების დინების და მეორე ფიზიკური რეალობის.
Koska-ს ტილოზე მუშაობის მანერა ფაქტიურად არ განსხვავდება კედელზე მუშაობისგან: ორივეგან მხატვარი ინტუიციას (თუ გინდა, – შინაგან ხმას) მიყვება და სიუჟეტს ხატვის პროცესში იგონებს, სწორედ აქედან მოდის გამოფენის სათაურიც.
მხატვრისთვის დღეს მთავარი გამოწვევაა გრაფიტის და ტილოზე მხატვრობის გაერთიანებაა, რასაც წარმატებით ახერხებს ბოლოდროინდელ გრაფიტიში, რომელიც უკვე ბევრად ფერწერულია და ტილოზე გამოსახულ სიუჯეტებსაც იზიარებს.
ის, რაც Koska32-ისთვის დამახასიათებელია, არის მუდმივი მოძრაობა: რომელიც ჩანს როგორც მისი ნახატებში, ასევე გრაფიტიშიც – იქნება ეს პირდაპირი მნიშვნელობით, თუ გადატანითი. მის ტილოებში დინამიკა სიუჟეტებში იგრძნობა, ხოლო გრაფიტი ქარიშხალივით ედება თბილისის ქუჩებს.”_ პატარა გალერეა
დასწრება ყოველთვის უფასოა
Art Gallery Vake- არტ გალერეა ვაკე
“ეს გამოფენა გასულ წელს პანდემიამდე დაიგეგმა და იმავე წლის ოცდასამ აპრილს ჩაინიშნა, თუმცა ხვავი მიზეზების გამო ჩაიშალა. შემდეგ ერთწლიანი რეგულაციების პირობებში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად “შიში”, ჩემი კიდევ უფრო ადრეული ნამუშევარი კი გამოხატავს შიშს, მაგრამ პანდემიამდე ეს რაღაც შეუცნობელის, თითქოს არაფრის, ამავე დროს ყველაფრის შიშს გადმოსცემდა მეგონა და კონკრეტული საწყისი იფარებოდა, რასაც პანდემიის დაწყებიდან ბინდის ფარდა აეხადა და უცნობი შოშის მოლოდინის, ერთგვარი წინასწარმეტყველური ფუნქცია დაიჩემა, რასაც მოჰყვა არსებული კონცეფციის რღვევა და ვინაიდან ჩემი სწრაფვა არა მხოლოდ გამოფენიდან გამოფენამდე, არამედ ნამუშევრიდან ნამუშევრამდე წინარეს მთლიანად დავიწყება და მომდევნოს ნულიდან დაწყებაა, ყოფილი ექსპოზიციიდან სულ რამდენიმე ნამუშევარი დარჩა ხელუხლებელი, რამდენიმეში დამატებითი დეტალებით შევედი, რამდენიმეს მთლიანად გადავახატე სულ სხვა თემა და რამდენიმე სრულიად ახალი იდეა ავისრულე. დამეთანხმებით ეს არ არის ადვილი საქმე, თუმცა იმდენად საინტერესო, დაუოკებელი ემოციები მეუფლებოდა, ერთმნიშვნელოვნად ისტერიაში გადაიზარდა და ძლიერ შემოქმედებითი, ვნებიანი წელიწადი გამომივიდა, რის გამოცაა სწორედ ამ გამოფენის სახელი ასე: “კოვიდ-ისტერია.”_ მ.
გამოფენა გაგრძელდება 9 დღე.
დასწრება თავისუფალია.
თუ გაქვთ სურვილი უფრო ისტორიული დღე მოიწყოთ და თანამედროვე ხელოვნების ნაცვლად, თვალი ძველს შეავლოთ, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შესახებ.