ჭიათურის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. ის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ისტორიული ადგილია საქართველოში.
ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. 1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელმაც ჭიათურისა და შორაპნის სადგურები დააკავშირა. ამ პერიოდში ჭიათურაში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში კი 50%-ს აღწევდა.
ქალაქი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა.
ქართველები ამ ადგილს ვიცნობთ როგორც მაღაროს ქალაქს, მანგანუმის მადნით სავსე საბადოს, თუმცა ჭიათურა ამაზე გაცილებით უფრო მეტია. ეს რაიონი უძველესი დროიდან, ქვის ხანიდანაა დასახლებული. სწორედ ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეშია აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი ძაფის ნაშთი, ხოლო კოტიას მღვიმეში კი, კავკასიონის მასშტაბით პირველი, პალეოლითელი ადამიანის სრულყოფილი ჩონჩხი იქნა აღმოჩენილი. ჭიათურა რენესანსის პერიოდშიც აქტიურად ვითარდებოდა, ამის დასტური კი უძველესი სიმაგრეები და ტაძრებია.
კაცხის სვეტი რაიონის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა – ჭიათურის სიმბოლო.
ეს არის 40 მეტრიანი სიმაღლის ბუნებრივი კლდე, რომელის თავზეც ეკლესიაა ააშენებული. იყო დრო, როდესაც ეკლესიაში განდეგილი ბერი სახლობდა. სწორედ მისთვის იყო შემუშავებული სპეციალური მცირე ამწე მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ბერს სურსათს უგზავნიდნენ. კლდეზე კი მიშენებული არის (დღემდე) 131 საფეხურიანი კიბე, იმისათვის, რომ ბერებს საჭიროების შემთხვევაში ჩამოსვლაც შეძლებოდათ. კაცხის სვეტზე დღეს აღარავინ ბინადრობს და დამთვალიერებლებიც არ დაიშვებიან. ქალებისთვის სტუმრობა კი, სამწუხაროდ, არც აქამდე იყო დაშვებული.
ასევე საინერესო არქიტექტურული ნიმუშია კაცხის მონასტერი, რომელიც 1032 წელს აშენდა ქართველი მეფის ბაგრატ IV კურაპალატისა და მისი მეუღლის ელენეს მიერ.
კაცხის ტაძარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ტაძრის ბიბლიოთეკაში ასობით წიგნი გადაწერილა და შენახულა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბიბლიოთეკა გაძარცვეს. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937 წელს). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლოც.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ძეგლია მღვიმის მონასტერი, რომელიც მდინარე ყვირილას ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს.
ეს არის დიდი საეკლესიო კომპლექსი, რომელსაც ამშვენებს მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა.
ამასთანვე, დამთვალიერებლებში განსაკუთრებულ ინტერესს ყოველთვის, (ამ ეტაპზე უკვე გაჩერებული) საბაგიროები იქცევენ. პირველი საბაგირო აშენდა 1954 წელს. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინრებმა განახორციელეს. საბაგირო დიდი ხანი იყო მუშა მდგომარეობაში, თუმცა სულ მცირე ხანია, რაც გაჩერებულია.
1924 წელს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო აჯანყება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. მათ შორის იყო ჭიათურა – ქალაქი, რომელსაც სასტიკად გაუსწორნდენენ და 2000-მდე ჭიათურელი დახვრიტეს.
ჭიათურა დღეს აქტიური ქალაქია. რაიონში ფუნქციონირებს მუზეუმი, დრამატული თეატრი, სასწავლებლები და ა.შ. და პირველივე შესაძლებლობისას, სტუმრიანობასაც ელოდება.
თუ დაინტერესდით საქართველოს ძველი და მისტიკური ისტორიებით, შეგიძლიათ საქართველოში დღემდე არსებული გერმანული სოფლების ისტორისაც გადახედოთ.