გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო თბილისი, ასფალტი, უწყვეტი შრომა, ოჯახი, კარიერისტული ვნებები და საკუთარი ბიზნესის ქონის მუდმივი სურვილი.
წარმოშობით გურული დარეჯანი (ახლობლებისთვის დაკა) ის ქალია, ცხოვრების მოტანილი გარემოებები უკან რომ მოიტოვა და სრულიად შეგნებული გადაწყვეტილება მიიღო – საყვარელ ადგილს, გურიას დაბრუნებოდა.

ახლა დილით მისი „სკიჯის სახლის“ აივანზე ჩამოდგები, ნაფიცარას გორას გაჰყურებ და სწრაფ-სწრაფად ისუნთქავ აქაურობის მოტკბო სურნელს, ნიავმა უკითხავად რომ მოგიტანა. ათვალიერებ ეზოს, სახლს, კარ-მიდამოს, მეურნეობას და ხვდები – უკლებლივ ყველაფერი მოგწონს. გეჩვენება, თითქოს აქ თავისუფლად სუნთქავ და ისიც კი გგონია, რომ თანამედროვე მსოფლიოს გულს მიაგენი, ოღონდ ეს სახლი საერთოდ არ დგას ცივილიზაციის ეპიცენტრში, გურიაშია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში.
დაკასგან, ალბათ, ბევრი რამის სწავლა შეიძლება, პირველ რიგში, სიცოცხლის ჟინისა და იმის, რომ უნდა უბრალოდ ადგე და ზედმეტი ფიქრის გარეშე გაქანდე იქ, სადაც გულით მიგიხარია და იმასაც ისწავლი, თუ როგორ უნდა გამოიგონო ცხოვრების სრულიად ახლებური და შესაძლოა, იმ ადგილისთვის ჯერ კიდე ძალიან უცხო და ამავდროულად, საინტერესო ცხოვრების სტილი.
იქნებ, ახლა ცოტა გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი, თავიდან მაინც, ასე „დავარცხნილი“ არ ყოფილა: დაკას მუდმივ ფიქრებს საკუთარ ბიზნესზე გზად ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად დაანონსება წამოეწია და მასაც მეტი რა უნდოდა? წლების ნაფიქრის სისრულეში მოყვანის პირველი რეალური შანსი გამოუჩნდა, ისიც მაგრად ჩაებღაუჭა და თავის გურიაში დაბრუნება გადაწყვიტა.
ბევრი ფიქრის, აწონ-დაწონისა და ძებნის შემდეგ, სასურველ საქმესაც მიაგნო. ჯერ ინტერნეტი გადაქექა, შემდეგ საახლობლოში იკითხა, მცოდნეები მოძებნა და საბოლოოდ გადაწყვიტა – ჩირები უნდა ეკეთებინა. უნდოდა, ყველა ის ხილი გამოეშრო, რაც გურიაში უხვად იყო, ათვისება კი ვერ ხდებოდა. მალევე „აწარმოე საქართველოს“ 5000 ლარიანი გრანტი აიღო და ბიუჯეტში რომ ჩატეულიყო, ხილის საშრობი დანადგარი რუსთავში დაამზადებინა. აპარატმა ხიდისთავში დაიდო ბინა და დაკაც იმ დღიდანვე შეუდგა საქმიანობას. ასე გაჩნდა 100% -ით გურული ნუგბარი ბაზარზე და დაკას წილი გურია ტურისტულ რუკაზე.
როგორც დაკა ამბობს, მას არ ჰქონდა დაწყობილი თანხა ბიზნესის დასაწყებად. მაგრამ მისთვის თანხაც და აბსოლუტურად ყველაფერი იყო სახლი, რომელიც გურიაში ელოდა და უხვი ხილი, რომელიც აქვე მოდიოდა.
|
|
უკვე იმის თქმაც შეუძლია, რომ მისი ოცნება ახდა, ის რაზეც წლები ფიქრობდა სისრულეში მოიყვანა – საკუთარი ბიზნესი ნულიდან დაიწყო, მხოლოდ თეორიული ცოდნით. გარშემო ძალიან ცუდი ფონი ჰქონდა – ყველა ფიქრობდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, თან მათ დასარწმუნებლად არც არაფერი ჰქონდა, გარდა შესაშური მონდომებისა, ძალისხმევისა და ინტერესისა, რომ რამე ეკეთებინა აქ, გურიაში. უნდოდა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის და ხალხისთვისაც, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც წავიდა, რომ ხიდისთავში რამის გაკეთება ნამდვილად შესაძლებელი იყო
დაამტკიცა კიდეც.
ახლა მას ჩირის საწარმოსთან ერთად, საოჯახო სასტუმრო აქვს „სკიჯის სახლი“, რომელიც სოფლის დამახასიათებელი ესთეტიკითა და ავეჯითაა მოწყობილი. სახელზე დიდხანს არც უფიქრია. სკიჯი – ხმელი ყურძნის ძველქართული სახელწოდებაა, იგივე „ქიშმიშის“. ამ სახლში თავიდან ჩირის წარმოება დაიწყო და შეიქმნა ბრენდი „სკიჯი“, სასტუმროსაც მარტივად დაექრვა „სკიჯის სახლი“ ანუ ადგილი, სადაც სკიჯი შეიქმნა და პირველმა გურულმა ნუგბარმა დასაბამი აიღო.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სამომავლო გეგმები კი ასეთია, უნდა, რომ თავისი უწყვეტი შრომის შედეგად საშუალო ზომის ევროპული სტანდარტის მქონე სერტიფიცირებული საწარმო ააშენოს და აგროტურიზმის ნიშა დავიკავოს, რადგანაც წარმოებაც აქვს და საოჯახო სასტუმროც.
სჯერა, რომ გურიას აქვს განვითარების პოტენციალი, აქაც შეიძლება წარმატებული საქმის კეთება და კარგი საცხოვრებელი პირობების შექმნა.
მანამდე კი, სანამ „სკიჯის სახლი“კიდევ უფრო დიდ გურულ ტურისტულ სივრცედ გადაიქცევა, შეგიძლიათ ჩახვიდეთ და იმფერი ნახოთ, მეისმენოთ და დააგემოვნოთ, რომ თვითონაც გაკვირდეთ, თან ის ხომ იცით – გურული ხალხი და მასპინძლები თვითონ რომაა ერთი დიდი სანახაობა?