კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი მულტიკულტურული ღონისძიებებისა და შეხვედრების სივრცე არის ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ასევე, მათი დასაქმების ადგილიც.
კაფე შეიქმნა 2015 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ.
„ეს არის ერთგვარი გაგრძელება 90-იან წლებში ჩამოყალიბებული გაზეთის, რომელსაც ორგანიზაციის ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის ლიდერთა სკოლის მოსწავლეები ქმნიდნენ. კაფეს სახელწოდებაც სწორედ ამ გაზეთის გავლენით დაერქვა. ეს სივრცე შეიქმნა ახალგაზრდებისთვის (და არამარტო), რათა მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ საგანმანათლებლო, შემეცნებით შეხვედრებს ან თავად მოეწყოთ.“
გარდა ამისა, ახალგაზრდებს ამ კაფეში დასაქმების საშუალებაც აქვთ, რაც კიდევ უფრო კარგად განამტკიცებს კაფის იდეოლოგიას:
„მულტიკულტურული საზოგადოების ურთიერთანამშრომლობისა და თანაცხოვრების ეფექტიანობის პოპულარიზაცია და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა ახალგაზრდებში.“
![]() |
![]() |
შეიძლება ითქვას, კაფე “რვას+1” არის სამუშაო, მოსასვენებელი, საკითხავი, მეგობრებთან შეხვედრების, საჯარო ლექციებისა და სხვა ღონისძიებების სივრცე.
ამასთან …
„ჩვენი კერძებიც ერთგვარი სინთეზია ქართული და ევროპული სამზარეულოსი, აქ შეძლებთ დააგემოვნოთ ისეთი გურული ტრადიციული კერძი, როგორიცაა ჭყანას (ბოსტნეული) კრემ-სუპი, რომელიც, როგორც წესი, მხალის სახით მზადდება გურიაში, მაგრამ ჩვენ შევუცვალეთ ფორმა. ასევე, გურული ხაპის (გოგრა) ჩიზქეიქი, გურიაში გოგრას ნაკლებად თუ ახსენებენ.”
როგორც აღვნიშნეთ,
“სახელწოდება მომდინარეობს გაზეთ “რვას+1”-დან, რომლის სახელწოდებაც სპონტანურად გაჩნდა. ახალგაზრდები, რომლებიც გაზეთზე მუშაობდნენ (ჯერ კიდევ 25 წლის წინ) თავდაპირველად მხოლოდ რვანი იყვნენ და ერთ დღეს, როცა სწორედ სახელზე ფიქრობდნენ კიდევ ერთმა მოტივირებულმა მოზარდმა შეაღო ლიდერთა სკოლის კარი და გამოთქვა სურვილი ისიც გამხდარიყო მათი გუნდის წევრი. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა გაზეთს დარქმეოდა რვას+1.
მრავალი წლის შემდეგ კაფეს შექმნის გადაწყვეტილებაც მიიღო ორგანიზაციამ და შესაბამისად კაფეს სახელზეც ბევრი არ გვიფიქრია, რადგან ეს არის სივრცე, სადაც მთელი ჩვენი ისტორიაა დაცული, დაწყებული პირველი კომპიუტერიდან დასრულებული გაზეთის უახლესი გამოცემით. ჩვენთან მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ თავად ნახონ და გაეცნონ იმ მასალებს, რომელიც კაფეს სივრცეშია თავმოყრილი. ჩვენ მთელი მონდომებით ვცდილობთ, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ მიკუთვნებულობის განცდა ამ სივრცის მიმართ და ერთხელ სტუმრობის შემდეგ ისევ დაბრუნდენ.“
დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, კაფე “რვას+1” ხალხს უფასოდ სთავაზობს გამართულ ღონისძიებებზე დასწრებას და მსურველებს უსასყიდლოდ უთმობს ფართს საკუთარი ღონისძიებების გასამართადაც. კაფის ერთ-ერთი ძირეული ღირებულებაა, შეუქმნას ახალგაზრდებს საინტერესო ღონისძიებებზე უფასოდ დასწრების შესაძლებლობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული.
![]() |
![]() |
ამ ეტაპზე, კაფე დროებოით არ მუშაობს, COVID-19 ის სიტუაციით გამოწვეული მიზეზების გამო. კაფე არც მიტანის სერვისზე გადავიდა, რადგან როგორც თვითონ აღნიშნავენ,
„ეს კიდევ უფრო გაზრდიდა მომსახურების და პროდუქტის ღირებულებას, რისი შესაძლებლობაც რეგიონში იმდენად მცირე პროცენტს აქვს, რომ არ ღირდა ამ სერვისის დანერგვა.“
ამ ეტაპზე კაფეს „რვას+1“ ვუსურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ, რომ მალე შევძლებთ მათთან სტუმრობას.
მანამდე, კი ის ჩვენი გუნდის 2021 წლის სამოგზაურო დანიშნულებების სიას დაამშვენებს.
კაფე ზაფხულში ეზოშიც მასპინძლობს სტუმრებს, რომელზეც ამბობენ, რომ ასევე ძალიან ლამაზია.
![]() |
![]() |
ამასობაში კი, გაეცანით ბათუმში მდებარე, ღია კაფის ისტორიას, რომელიც ოჯახისა და მეგობრების შეხვედრების ადგილზე დაფუძნდა.