fbpx
10 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 6, 2021

ხევსურეთის მთების საოცრება: სასტუმრო სახლი არდოტი

წასაკითხი დრო: 4 წუთი

ზამთრობით ცოტა სტუმარი ჰყავს ხევსურეთს, გზა იკეტება და რაღაც პერიოდი მოწყვეტილია ხოლმე სამყაროს. სასტუმრო სახლი არდოტის მასპინძლებიც, ლევან არდოტელი და მისი ოჯახი, სულ ცოტა ხანია რაც ამ სეზონზე სახლს დაუბრუნდნენ, თითქმის პირველებმა გადაიარეს წელს დათვისჯვარი და სტუმრების დასახვედრად ემზადებიან. არდოტი ზოგადად საზაფხულო სოფელია, საზამთრო სოფელი ქვევით არის. ბევრი მოსახლე არ ჰყავს, მშვიდი და წყნარი ადგილია.

როგორც მასპინძლები ამბებონ, ხევსურებს ისედაც არ უყვართ სხვისი პირადი სივრცის დარღვევა და გარკვეულ დისტანციას ისედაც იჭერენ. და მიუხედავად იმისა, რომ მთაში ვირუსი ვერ აშინებთ, ყველა საჭირო და აუცილებელი პირობა შექმნეს უსაფრთხო დასვენებისთვის.

გესთჰაუსი არდოტში

სასტუმრო სახლი არდოტი შატილისა და მუცოს ზემოთ ერთადერთი სასტუმროა, რომელიც სრულ კომფორტს სთავაზობს მომხმარებლებს, თავისი პანორამული ხედებით, კეთილმოწყობილი აბაზანითა და ინტერნეტით.

ეს გასაოცარი ადგილი მთებით არის გარშემორტყმული, წინა მხრიდან კი ტებულო გადმოგჰყურებს, რომელიც თითქოს სხვადასხვა მოსასხამს იცვამს, არასოდესაა ერთნაირი. აივნიდან ხედებით ტკბობისას უგემრიელესი პინტისა და სხვადასხვა ბალახეულის ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ ან ეზოში ჰამაკში დაისვენოთ და თან ფიქრებს მიეცეთ. აქ ჰაერშიც კი უძველესი ისტორია, სიმშვიდე და სილაღე იგრძნობა.


როგორია სასტუმრო სახლი არდოტი?

“ჩვენი სასტუმრო უფრო მეტად ოჯახია, ტრადიციული, ხევსური ოჯახი, რომელიც ყველა სტუმარს ერთნაირი სითბოთი და სიყვარულით ხვდება. როდესაც მზიანი ამინდი გვაქვს ძირითადად დამსვენებლები ეზოში ატარებენ დროს, ხან ჩანჩქერთან მიდიან, ხან ზვიადაურების კოშკთან, ღვთისმშობლის ჯვართან, ხან სად და ხან სად.

როცა ღრუბლიანი დღეა, ტებულოც თეთრ ტალავარს იხურავს და ნისლში იმალება. ბუხარს ვახურებთ, პიტნის სუნი მთელ სახლს ედება და ჩვენც ვემზადებით ძველი ამბების მოსაყოლად აქაურებზე, დოღზე, სულის ცხენზე, ათენგენობაზე, თორღვასა და კოპალაზე. ხშირად ვმღერით, ვუკრავთ და ხევსურულ სულს ვაცნობთ სტუმრებს. ვფიქრობ, ამაშია ჩვენი სასტუმროს განსაკუთებულობაც.”

ბალახის ჩაი

არდოტში ჩამოსვლა ხევსურულ ოჯახში მოგზაურობასაც ნიშნავს?

„მე და დედა ვხვდებით ხოლმე სტუმრებს და შესაბამისად ვმასპინძლობთ. მამა მესაზღვრეა და ძირითადად ვერ ახერხებს სტუმრების დახვედრას. დედა ოჯახის დიასახლისია და შესაბამისად ოჯახის დედაბოძიც ისაა. ტრადიციული ოჯახი გვაქვს, სითბოთი, სიყვარულით და თანადგომით სავსე, შესაბამისი მუხტი აქვს ჩვენ სასტუმროსაც და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ მომხმარებლებს თავი ისე ვაგრძნობინოთ, როგორც საკუთარ სახლში.“

ლევანი არდოტში გაიზარდა, მისი გვარი არდოტელია და ალბათ გასაკვირიც არაა, ადგილის შესარჩევად ბევრი ფიქრი რომ არ დასჭირვებია. ამიტომ კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა არდოტში სასტუმროს მასპინძელი, ბევრი არ უფიქრია:

„ყოველთვის მინდოდა რომ საქმე, რასაც გავაკეთებდი არდოტთან ყოფილიყო დაკავშირებული. სადაც არ უნდა ვიყო გამუდმებით ეს ადგილი მენატრება, აქ მინდა ყოფნა და აქეთ მომიწევს გული.

მთელი ბავშვობა აქ გავატარე, ყველა ნათელი მოგონება რაც გამაჩნია ამ ადგილს უკავშირდება, დედ-მამაც ხევსური მყავს და ესაა ჩვენი კერა. ჩვენი ტრადიციებიც თაობიდან-თაობას გადაეცემა, ჩვენ კი გვინდოდა ეს ყველაფერი სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა.“

სასტუმრო ხევსურეთში

ხევსურეთისთვის თქვენი საქმე თითქმის აუცილებელიც კია…

“ყველაფრის თავი და თავი ხევსურეთის სიყვარულია. ესაა ის საქმე, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ჩვენი მხარის განვითარებაში, ისე რომ ტრადიციები და ისტორია შევინარჩუნოთ, რათა დროსთან ერთად არ დაიკარგოს ხევსურეთი. ნასოფლარების მაგივრად დიდი კერების შექმნას ვცდილობთ, ბევრი ხევსური დაუბრუნდა თავის მიწა-წყალს და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის.

ამასთანავე, ჩვენ ამბებს ვაცნობთ უამრავ ადამიანს, მთის სიყვარულს და პატივისცემას ვანახებთ და ვასწავლით. საშუალებას ვაძლევთ იმ სილამაზით დატკბნენ და აივსონ რომელიც უშრეტად აქვს ამ მხარეს. დროში იმოგზაურონ, პატარა ზღაპარში მოხვდნენ, მოირგონ ხევსურული სამოსი, დააგემოვნონ აქაური, ჯანსაღი საკვები და თუნდაც ცხენზე ამხედრებულებმა შემოიარონ წინაპრების შემონახული, ნაოფლარი, სისხლის ფასად დაცული მთები.

ხევსურეთი სასტუმრო არდოტი

უამრავ ადამიანს, რომელიც ჩვენთან მოდის ვუქმნით პირობებს რომ დაისვენონ, განიტვირთონ და ამასთანავე ვცდილობთ გავაცნოთ ეს მხარე, ჩვენი ტრადიციები, ისტორია და სული, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ყოველ ჯერზე თავიდან ინუსხებიან სტუმრები და ივსებიან სილაღით, ბედნიერებით და სიმშვიდით. ამის ყურება კი ყველაზე დიდი მოტივი და მოტივაციაა ჩვენთვის.“


როგორი იყო არდოტში საქმის დაწყება?

“ყველაზე დიდი სირთულე იყო მშენებლობის პროცესი. სამანქანო გზა არ იყო ჩვენ სოფლამდე, ახლაც რთული გზაა, შესაბამისად სირთულეს წარმოადგენდა მასალის ადგილამდე ამოტანა. მითუმეტეს, ამ მანძილზე ტრანსპორტირება გაცილებით უფრო ძვირი ჯდება. ამასთანავე, მუშა ხელიც არ არის. შესაბამისად, მთლიანი სამშენებლო სამუშაო მე და მამამ გავაკეთეთ. ორივე სართული ჩვენი ხელით ავაშენეთ და მოვაწყვეთ. სირთულეს წარმოადგენდა დენი, წყალი და სატელეფონო კავშირის არ არსებობა. თუმცა, სასტუმროსთან ერთად გაკეთდა და მოგვარდა ეს პრობლემები, სინათლისთვის მზის ელემენტები გვაქვს და წყლისთვისაც შესაბამისი მოწყობილობები.

რაც შეეხება სატელეფონო კავშირს, ეს პრობლემა დღემდე არსებობს, თუმცა გვაქვს ინტერნეტი, შესაბამისად ჩვეულებრივად გვაქვს გარე სამყაროსთან კონტაქტი. ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, არ დავზარდებოდით, მაგრამ როგორც გვეუბნებიან გარკვეულ კომპანიებს არ უღირთ რამდენიმე კომლის გამო კავშირგაბმულობის ანძის მონტაჟი, ჩვენც მეტი არაფერი შეგვიძლია. სიმართლე გითხრათ, ამასაც აქვს გარკვეული ხიბლი, გარკვეულ დონეზე სამყაროს წყდები და ჭეშმარიტად ისვენებ.“

ხევსურეთი არდოტი

არდოტში ჩასულებმა შეგიძლიათ გარემო საფეხმავლო ან საცხენოსნო ტურებით შემოიაროთ, ხევსურუილ ხინკლის მოხვევა ან ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლოთ ხევსურულ „ფეჩში“, ან სულაც ფოტოები გადაიღოთ ხევსურულ სამოსში.

ისე კი იცოდეთ, არდოტი ყველასთვისაა, განსაკუთრებით კი ალბათ მაინც იმ ადამიანებისთვის, ვისაც მთა უყვარს, დასვენება და ბუნების სილამაზით ტკბობა. ვისაც სურს, დროში მოგზაურობა და იმ ხიბლის შეგრძნება, რასაც მთა და განსაკუთრებით ხევსურეთის მხარე ინახავს.

 

არდოტს რომ შემოივლით, ახალი მოგზაურობის დასაგეგმად, წაიკითხეთ ჩვენი სტატია და გაიგეთ მეტი საქართველოში სხვა ულამაზესი მთის კოტეჯების შესახებ.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

To feel productive is a beautiful feeling სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის, ცოტათი...

KARMA Hostel-ის მარტვილური ამბავი, რომელიც უცხოელებმა შექმნეს

მოგზაურობის, ახალი თაგადასავლებისა და სიახლებიისადმი მუდმივი სწრაფვის სიყვარულმა სამი ადამიანი ჯერ ერთმანეთს გადაყარა, შემდგომ საქართველოში...

ვანის ნაქალაქარი – ანტიკური ოქროს ქალაქი

1881 წლის 28 მაისს, გაზეთში „დროება“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამბობდა, რომ სოფელში, ერთ-ერთი გორიდან ყოველი...

ტესტი: რამდენი თანამედროვე შენობა შეგიძლია ამოიცნო საქართველოში?

  ფოტოები: PSH.gov.ge, nbg.gov.ge, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი, ფაბრიკა, gcaa.ge, idaaf.com

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

To feel productive is a beautiful feeling სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის, ცოტათი...

KARMA Hostel-ის მარტვილური ამბავი, რომელიც უცხოელებმა შექმნეს

მოგზაურობის, ახალი თაგადასავლებისა და სიახლებიისადმი მუდმივი სწრაფვის სიყვარულმა სამი ადამიანი ჯერ ერთმანეთს გადაყარა, შემდგომ საქართველოში...

ვანის ნაქალაქარი – ანტიკური ოქროს ქალაქი

1881 წლის 28 მაისს, გაზეთში „დროება“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამბობდა, რომ სოფელში, ერთ-ერთი გორიდან ყოველი...