სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ‘ლაიფსტაილ’ სასტუმროები მათთვისაა, ვინც მოგზაურობის განსაკუთრებულ გამოცდილებას სასტუმროში დარჩენისასაც ეძებს.
‘ლაიფსტაილი’, ტერმინი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ცხოვრების სტილს ნიშნავს, ბოლო პერიოდში პოპულარული კონცეფიცა გახდა, უკვე თითქმის ყველა ინდუსტრიაში გვხვდება და იმ ქცევებისა და გადაწყვეტილებების ერთობლიობაა, რომლებიც გარკვეულ მიმართულებას აძლევს ადამიანების ცხოვრებას. ბრენდებიც ხშირად იყენებენ ამ ტერმინს და პროდუქტის შექმნისას ცდილობენ ის იმგვარ ცხოვრების წესს მოარგონ, როგორი მომხმარებელიც ჰყავთ. არც სასტუმროების ინდუსტრიაა გამონაკლისი.
ავანგარდული სტილი, ტრენდული გარემო, თვალშისაცემი არქიტექტურა, გამორჩეული ოთახის დიზაინი, დეკორაცია და ინვენტარი – ეს ყველაფერი ‘ლაიფსტაილ’ სასტუმროს ნაწილია, იმ მრავალფეროვანი აქტივობების სიასთან ერთად, რასაც დაწესებულება ხშირად სტუმრებს სთავაზობს.
ამბობენ, რომ ‘ლაიფსტაილ’ სასტუმროები ბუტკური და დიზაინ-სასტუმროების იდეიდან გაჩნდა. განვითარების ეს საფეხური კი ახალი თაობის მოგზაურების აქტიურმა მიმოსვლამ გამოიწვია, რომლებიც გამუდმებით ეძებენ უფრო ღრმა მნიშვნელობას მოგზაურობისას, ცდილობენ უნიკალური გამოცდილებები მიიღონ და ისეთი ადგილები დაათვალიერონ, როგორებიც ჯერ ტურისტულ რუკაზე მონიშნული ნაკლებადაა. შესაბამისად, ‘ლაიფსტაილ’ სასტუმროები ბუტიკურ სასტუმროებს გავს და ბევრ საერთო მახასიათებელსაც იზიარებენ, თუმცა ბუტიკური სასტუმროები ხშირ შემთხვევაში შედარებით პატარებია და თანაც რაოდენობაში მხოლოდ ერთი, მაშინ, როდესაც ‘ლაიფსტაილ’ სასტუმრო შეიძლება ხაზი იყოს და საკმაოდ დიდი რაოდენობის სტუმრებსაც იტევდეს.
ასეთ სასტუმროებში, სადაც ცხოვრების სტილის ხაზგასმა მნიშვნელოვანი ფაქტორია, დიდი ყურადღება ეთმობა შეგრძნებებს. კონცეფციის შექმნისასაც, სწორედ იმას აქცევენ ყურადღებას, თუ რა განწყობა უნდა ჰქონდეს სტუმარს სასტუმროს კარებში შემოსავლის წამიდან. ამიტომაც, ყოველთვის დიდი სიფრთხილით ირჩევა მუსიკა, სუნი, დიზაინი, ფერები, საკვები და სასმელი. გარდა ამისა, ამ ტიპის სასტუმროებში ბევრად მეტი ფუნქციური სივრცეა, ვიდრე ჩვეულებრივ გვხვდება ხოლმე – გამოყოფილი სამუშაო გარემო, დიდი საერთო სივრცე, ბარი სახურავზე, ვერანდა და ისეთი ადგილები, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრა და ურთიერთობა შეუძლიათ. ამ ტიპის სასტუმროების მიზანია, იქ არა მხოლოდ დასაძინებლად, არამედ დღის განმავლობაში დროის გასატარებლადაც დარჩეთ.
გასაკვირი არც ისაა, რომ ასეთ სასტუმროში, რომელიც ინდივიდუაილზმის და დამოუკიდებლობის ერთგვარი ნაზავია, ფიქრობენ, რომ განწყობის შექმნა ციფრული მოგზაურობიდან იწყება. ამიტომ, დიდი ყურადღება ენიჭება თითოეულ იმ ნაბიჯს, რომელსაც დამსვენებელი სასტუმროს აღმოჩენის ეტაპიდან დგამს. მნიშვნელოვანია როგორი სახით არის სასტუმრო წარმოდგენილი ონლაინ სივრცეში, რა ტიპის ციფრული კომუნიკაცია აქვს მომხმარებლებთან და როგორ აღიქვამს მოგზაური იმ სიტუაციას, რაც ადგილზე დახვდება. დაჯავშნის გამარტივებული და სასიამოვნო პროცესიც ამ გზის ნაწილია.
კიდევ ერთი რამ, რაც ‘ლაიფსტაილ’ სასტუმროებს უმეტესწილად ახასიათებთ, არის ადგილობრივი კულტურისა და დიზაინის სივრცესა თუ მომსახურებაში ინტეგრირება. ასეთი სტილის ადგილები გამუდმებით ცდილობენ იყვნენ შუამავალნი მოგზაურსა და დანიშნულების ადგილს შორის. სწორედ მათთან, გარე სამყაროს ანალოგად შექმნილ სივრცეებში, სტუმრებმა ახალი ადგილის განწყობა უნდა შეიქმნან. ეს კი, დამსვენებელსა და სასტუმროს შორის კიდევ უფრო ძლიერ ემოციურ კავშირს აჩენს.
გარდა ამისა, ასეთი სასტუმროები მოგზაურებს თავს ისე კომფორტულად აგრძნობინებს, როგორც სახლში, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა იყვნენ და აქ დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნო იქნება.
პოსტ-პანდემიურ პერიოდში კი ვარაუდობენ, რომ მოგზაურები ყველაზე მეტად შეეცდებიან სასტუმროებში არა მხოლოდ ღამის გასათევი ეძებონ, არამედ ყურადღება იმ გამოცდილებებზე გაამახვილონ, რასაც ადგილზე მიიღებენ, შეგრძნებებზე, რაც დაამახსოვრდებათ და განწყობაზე, რაც მათ სასტუმროდან წამოსულებს მომავალ მოგზაურობამდე გაჰყვებათ.