ფოთის, მისი მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ბევრი გექნებათ გაგონილი. ეს ადგილი საქართველოს გარე სამყაროსთან აკავშირებს და თქვენს ყოველდღიურობაში გამოყენებული ნივთების უმეტესობაც სწორედ ფოთს გამოივლის. თუმცა, შეიძლება არც ისე ბევრი იცოდეთ მისი არქიტექტურის შესახებ, რომელიც საქართველოში ყველასგან განსხვავებულია.
ფოთი საპორტო ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ზღვის დონიდან 1-3 მეტრზე მდებარეობს.
ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ფოთის ურბანული დაგეგმარება, სივრცითი მოწყობა და არქიტექტურული განვითარება. ქალაქის პირველი გენერალური გეგმა 1901 წელს შეადგინეს და სწორედ ნიკო ნიკოლაძე იყო ამ გეგმის რეალიზების სათავეშიც. ქალაქის განლაგება სხივურია. ფოთის მთავარ მოედანს, სადაც საკათედრო ტაძარი დგას, ქალაქის 12 ქუჩა უერთდება. როგორც ცნობილია, მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის პროექტის არქიტექტურა აია სოფიას მიხედვით შექმნეს არქიტექტორებმა ალექსანდრე ზელენკომ და რობერტ მარფელდმა.
1907-1909 წლებში ნიკოლაძემ ფოთში გერმანელი არქიტექტორი და ინჟინერი ედმუნდ ფრიკი მიიწვია, რომელმაც ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი შენობა დაპროექტა. დაგეგმარების გარდა, ნიკო ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობასაც.
სახლი, ანუ კოშკი კი, სადაც ნიკო ნიკოლაძე ცხოვრობდა, ახლა ისტორიულ-არქიტექტურული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს კოშკი, რომელიც 1578-1579 წლებში ოსმალების მიერ აშენებული დიდი ციხესიმაგრის გალავნის ნაწილია, ახლა ფოთში ყველაზე ძველი ისტორიული ძეგლია. მოგვიანებით, ნიკო ნიკოლაძემ კოშკს 2 სართული დააშენა. მეხუთე სართულზე კი 1870 წელს დამზადებული მექანიკური საათი დაამონტაჟა, რომელიც მან თავად ჩამოიტანა პარიზიდან.
ფოთში არანაკლებ საინტერესო კოლხური ხელოვნების მუზეუმია. მუზეუმში ბევრი მნიშნელოვანი ექსპონატია, რომელიც კოლხურ კულტურას კარგად ასახავს. თუმცა, სამწუხაროდ იმის გამო, რომ მუზეუმს ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა აქვს, სტუმრების სიმცირეს ხშირად განიცდის და არც ტურისტულად არის აქტიური ადგილი.
სამწუხაროდ, მუზეუმის მსგავსად, თითმის მთელი ფოთიც ასეა – გასაოცარი, მაგრამ მიტოვებული. ინტერნეტ სივრცეში ბევრგან შეხვდებით ფოთში არსებული ისტორიული შენობების ჩამონათვალს, როგორებიცაა ფოთის დრამატული თეატრი, ნიკოლაძის ბავშვთა ბიბლიოთეკა, ქალთა კონსულტაციის შენობა და სხვა მრავალი მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული საინტერესო შენობა. თუმცა, მათი ნახვა აღგაფრთოვანებთ თუ მწუხარებას მოგგვრით, გასარკვევია. მათი უმეტესობა ინგრევა, ნადგურდება. ისტორიული, კულტურული თუ არქიტურული მნიშვნელობის მიუხედავად, ფოთი მაინც უამრავი გამოწვევისა და პრობლემის წინაშე დგას.
დღესაც, როგორც ადრე, ფოთი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი წერტილია. ფოთში პორტის მშენებლობაც ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო 1889-1905 წლებში. ახლა ნავსადგური აღჭურვილია ყველანაირი თანამედროვე ტექნიკით და ფუნქციონირებს როგორც ღია, ისე დახურული სასაწყობე მეურნეობები, საავტომობილო და სარკინიგზო გზები და ყველა ის ინფრასტრუქტურული ნაგებობა, რაც პორტის მუშაობისთვისაა საჭირო. ფოთის პორტი შავი ზღვის აუზში ერთ-ერთ უდიდესია, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კვანძია და მნიშვნელობაც შესაბამისად ძალიან დიდი აქვს. მაგრამ აქაც, თითქოს პორტი ცალკეა – ქალაქი ცალკე. ეს პატარა გასაოცარი ადგილი, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია და ქვეყნის კარიბჭე საზღვაო სივრცეში, მივიწყებული და ყურადღების მიღმა დარჩენილია.
თუმცა, ალბათ არა სიამოვნებისგან აღსაფრთოვანებლად, მაგრამ ისტორიის შესაცნობად, არქიტექტურითა და ქალაქის დაგეგმარებით გასაოცებლად და ცოტა დასასევდიანებლადაც, ფოთში მოგზაურობა აუცილებლად ღირს.
|
|