fbpx
26.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 18, 2021

როგორი არის სამთო გამყოლის პროფესია საქართველოში

წასაკითხი დრო: 3 წუთი

„მთა მისტიური სივრცეა, ერთი შეხედვით მიუღწეველი“

ამ პატარა წერილში ვეცდები ზედაპირულად მაინც შევეხო სამთო გამყოლის პროფესიასა და ზოგადად მთამსვლელობას. გულწრფელად რომ გითხრათ, მეუხერხულება ამ საკითხზე საუბარი, რამდენადაც ჯერ არც სამთო გამყოლი ვარ და დიდად ვერც მთამსვლელობით გამოვირჩევი. მე სადღაც მოყვარულსა და პროფესიონალს შორის უიმედოდ გამოკიდებული, ვერც შემდგარი და არც მთლად არშემდგარი „მთამსულელი“ ვარ. 

მთავიდრე სამთო გამყოლობაზე ვიტყოდეთ, ალბათ ჯერ მთაში სიარულის სურვილზე უნდა ვისაუბროთ, რადგანაც ჯერ სურვილი ჩნდება და მხოლოდ შემდეგ დგება გამყოლის საჭიროება. მაშ რა უნდათ მთაში, რატომ დადიან? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი უნივერსალური მიზეზის გამოძებნა მაინც შესაძლებელია. მთაში ცხოვრება უფრო ჩქარია, ვიდრე ბარში. იქ, აჩქარებულ დროში, შეგიძლია იმაზე მეტი გამოცდილება მიიღო, ვიდრე ბარში. მთაში ბევრად უფრო მალე მიგყავს საკუთარი თავი შენი შესაძლებლობების ზღვრამდე, დროის უფრო მოკლე მონაკვეთში ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქციელით იცნობ ადამიანს და ა.შ. მოკლედ, უფრო ჩქარა ცხოვრობ, ერთგვარი დროის მანქანაა. ცხადია, მთის ეს თვისებები პროფესიონალი, ნამდვილი მთამსვლელებისთვის ნელ-ნელა უფასურდება, უფრო სწორად მეორეხარისხოვანი ხდება. მათთვის მთავარი სპორტული ამბიციებია, თუმცა ამ ამბიციებშიც მუდმივად იგრძნობა საკუთარი თავის ზღვრამდე მიყვანის დაუოკებელი სურვილი. გარდა ამისა, მთა მისტიური სივრცე, ერთი შეხედვით მიუღწეველი, დიდებული რამაა, რაც ადამიანში მიუღწევლის მიღწევის მარადიულ სურვილს ალბათ სრულიად ინსტინქტურად აღძრავს. 

მთისადმი ინსტინქტური ლტოლვის დაკმაყოფილებას საკმარისი ტექნიკური თუ თეორიული ცოდნა სჭირდება. სწორედ ამ ცოდნით უნდა იყოს აღჭურვილი სამთო გამყოლი, რათა სხვა, არამთამსვლელმა ადამიანებმაც მისი დახმარებით შეიგრძნონ მთაში სიარულის გემო, მათაც გამოსცადონ დროის მანქანა, მათაც გაიცნონ საკუთარი თუ სხვისი თავები იმაზე ჩქარა და იმაზე ახლოს, ვიდრე ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში მოახერხებდნენ.

საიდან დაიწყო ყველაფერი

პროფესიონალი სამთო გამყოლების ისტორია ალპებში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, ჩვენში კი მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან, როდესაც 1923 წელს გიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით პირველად მოეწყო მასობრივი ასვლა მყინვარწვერზე. მაშინ გამყოლის ფუნქცია იაგორ კაზალიკაშვილს ერგო. ქართული სამთო გამყოლობის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვეიცარიის სამთო გამყოლთა ასოციაციის მიერ გაცემული სერთიფიკატი გახა წიკლაურისადმი, რომელიც პირველი სერთიფიცირებული გიდი გახდა საქართველოში. ასე რომ, საქართველოში ალპინიზმის დაბადებისთანავე დაიბადა პროფესია სამთო გამყოლიც. 

სამთო გამყოლის უშუალო ვალდებულება სტუმრის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ამასთან მისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. სამთო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს სხვადასხვა დამახასიათებელი ნიშანი აქვს, თუმცა უსაფრთხოება რომ ყველაზე მთავარი უნდა იყოს, ეს თითოეულ მათგანს ერთნაირად ახასიათებს. მთაში უსაფრთხოების დაცვა კი მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენით ვერ ხერხდება. ამისთვის სპეციფიური ცოდნაა საჭირო. პირველ რიგში ცოდნა, როგორ აარიდო ტურისტს საფრთხე და შემდეგ ცოდნა, თუ უკიდურეს შემთხვევაში როგორ გამოიხსნა საფრთხეში ჩავარდნილი.

 

 

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საქართველოში

საქართველოში ამგვარი ცოდნის მიღება შესაძლებელია სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში, სადაც საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის (სსგა) ექსპერტები კითხულობენ ლექციებს (სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა სწორედ ამ ასოციაციის დაარსებულია). სკოლაში გამყოლის პროფესიის რამდენიმე მიმართულების მოდულია გამოყოფილი – სამთო გამყოლი, ალპინისტური გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და საფეხმავლო გამყოლი. 

სამთო გამყოლის პროფესიას განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვს, შესაბამისად მისი შესწავლის ხანგრძლივობა ყველაზე დიდია და სწავლების პროცესიც მეტადაა დატვირთული, ის ერთბაშად მოიცავს ყველა სხვა მოდულს. სამთო გამყოლს, გარდა იმისა რომ უნდა ჰქონდეს კარგი ფიზიკური მომზადება, კარგად უნდა ცოცავდეს კლდეზე და ყინულზე, სრიალებდეს თხილამურებით, აუცილებელია ჰქონდეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა წმინდად ტექნიკური საკითხებისა, როგორიცაა მაგალითად: სამაშველო სისტემის აწყობა კლდეზე და ნაპრალში, მყვინვარზე გადაადგილების წესი, ქედზე გადაადგილების წესი, მთაში დაცვების გაკეთება, ზვავში მოყოლილის ძებნა, საფრთხეების შეფასება, ნავიგაცია და ა.შ.

samto gamkoli gidi samto gamkoli gidi

ხშირად გამხდარა მთაში უბედური შემთხვევის მიზეზი ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი ტექნიკური უცოდინრობა. ამიტომ სწავლების პროცესში მსგავს თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს დიდი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მცოდნე გამყოლი პასუხისმგებელია თავის გადაწყვეტილებებზე, ის მოქმედებისას არა გუმანსა და გრძნობებს, არამედ კონკრეტულ ცოდნას ეყრდნობა და მისი თავდაჯერება ტურისტსაც ამშვიდებს, დაცულად აგრძნობინებს თავს. ცხადია, მთაში ვერასოდეს იქნები სრულყოფილად დაცული, ვერაფრით გამორიცხავ შეცდომის, ანდაც უბრალოდ უიღბლობის ალბათობას, თუმცა ცოდნა სწორედ ამ ალბათობის მინიმუმადე დაყვანისთვისაა საჭირო. 

სამთო გამყოლების ამგვარი, გრძელი და დატვირთული სწავლების დადებითი შედეგი, გარდა უსაფრთხოებისა, წმინდად მატერიალურიც არის. სსგა სამთო გამყოლთა მსოფლიო ასოციაციის კანდიდატი წევრია, ამიტომ სწავლება და სერტიფიკატის გაცემა მათი სტანდარტებით ხდება. შემდეგში კი, სრული წევრობის შემთხვევაში, მსოფლიო ასოციაცია მთლიანად აღიარებს ქართველი გიდების სერთიფიკატებს, რაც იმას ნიშნავს რომ, მათ სხვადასხვა ქვეყანაში გიდად მუშაობის საშუალება მიეცემათ. ამისკენ უკვე ძალიან დიდი ხანია ისწრაფვის საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია. ამასთან, იმის გამო რომ იმატებს მოთხოვნა მაღალი სტანდარტის სამთო გამყოლებზე, მათი მომსახურების ფასიც ბუნებრივად იმატებს და უახლოვდება ევროპელი გამყოლების ფასს. ყველაზე მიმზიდველი სამთო გამყოლის პროფესიაში მაინც თავისუფლების შეგრძნებაა, თავისუფალი გრაფიკი და საკუთარ ნებაზე ცხოვრების დაგეგმვა, თანაც საკმაოდ მაღალი შემოსავლით, მეტად მაცდური რამაა.

ტექსტი და ფოტოები: ალექსანდრე გუჯაბიძე

samto gamkoli gidi

 

გვადევნეთ თვალი და ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესო პროფესიას გაგაცნობთ!

ახალი სტატიები

3 საუკეთესო საპიკნიკე ადგილი თბილისში

როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, შაბათ-კვირას კაფეები, რესტორნები და იმ ბიზნესების უმეტესობა, სადაც გართობა არის შესაძლებელი, კვლავ გაურკვეველი დროით იქნება დაკეტილი. ადამიანებს კი, ვინც...

15 კომპოზიცია ქართველი მუსიკოსებისაგან, თქვენი სამოგზაურო playlist – სთვის

ჩვენი სამოგზაურო დანიშნულებების სია, პანდემიურმა სიტუაციამ საგრძნობლად შეამცირა, აღარ გვიწევს გრძელ დისტანციებზე სიარული და ამისთვის საგულდაგულო მომზადება. თუმცა, საქართველოს ტერიტორიაზე მაინც სიამოვნებით ვმოგზაურობთ და ვცდილობთ...

ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი თბილისში

დიდი ქართველი ბალეტმაისტერი, მოცეკვავე და პედაგოგი, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი ამ ბინაში 1947 წლიდან 1992 წლის 6 აპრილამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ვახტანგ...

მსგავსი სიახლეები

13 სამოგზაურო ექაუნთი, რომელიც უნდა ნახოთ

2020 წლიდან მოყოლებული, სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტი, ჩვენთვის, პრაქტიკულად ერთადერთი მოგზაურობის წყარო გახდა....

1 დღიანი მოგზაურობა თბილისთან ახლოს: უფლისციხე – ატენი

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, სულ უფრო და უფრო კარგი ამინდები და თბილი დღეები დგება. შესაბამისად,...

თანამედროვე ტურისტული გიდები და ციფრული სამყარო

ტურისტული გიდობა არც თუ ისეთ მარტივი საქმეა, როგორც ეს ერთ შეხედვით შეიძლება ჩანდეს და...

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

To feel productive is a beautiful feeling სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის,...